“პერსონალისგან ძალადობა არ ყოფილა” – ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სახალხო დამცველს პასუხობენ
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სახალხო დამცველის ანგარიშს პასუხობენ, სადაც დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი.
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე – ეკა ჭყონია აცხადებს, რომ პერსონალის მხრიდან ძალადობა არ ფიქსირდება.
“ტარდება ეს თერაპიები ჩვენთან, მაგრამ მასშტაბის უზრუნველყოფა გვიჭირს სწორედ კადრების სიმცირიდან გამომდინარე. პერსონალისგან ძალადობა კი არ ყოფილა დაფიქსირებული, უბრალოდ, აქ იყო საუბარი იმაზე, რომ როდესაც პაციენტი არის გამწვავებულ მდგომარეობაში, შესაძლებელია, იმაზე უფრო ხშირად მიმართავენ ფიზიკურ შეზღუდვებს, ვიდრე ეს შესაძლებელია იყოს საჭირო. იმიტომ, რომ არ არის დეესკალაციის შესაბამისი უნარები. კარგი იქნება თუ იქნება პროტოკოლი ამასთან დაკავშირებით და ჩვენ უკვე უფრო ზუსტად გვეცოდინება, როგორ მივყვეთ”, – ამბობს ეკა ჭყონია.
ცნობისთვის, როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.
მათივე ცნობით, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან – არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები.