ზაალ ანჯაფარიძე: დათმობა მოუწევს ორივე მხარეს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნისთვის სასარგებლო აღმოჩნდება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გამართული მოლაპარაკების შემდეგ მხარეები შეხვედრის შედეგებზე სათავისო განცხადებებს აკეთებენ. ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს დაუკავშირდა:

-მოლაპარაკების პროცესში მხარეების დასაახლოებლად ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს, თუმცა, ოპოზიციის პიკეტირება პარლამენტის წინ მაინც გრძელდება.

– ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებაში დათესოს ინფორმაციული კონფლიქტი, რომ შექმნას მისთვის სასურველი ემოციური და განწყობითი ფონი და საზოგადოებაში შეიტანოს დაბნეულობა, თითქოს, ხელისუფლება უკან იხევს და ხდება ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ახლა ელექტორატის ორჭოფობა და გაორება ოპოზიციისთვის ძალზე ხელსაყრელია.
საზოგადოებაზე ასეთი წერტილოვანი საინფორმაციო დარტყმებით პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციის წევრები ცდილობენ ემოციური და პოლიტიკური ფონის თავიანთ სასარგებლოდ შეცვლას.

-მხარეები 6-პუნქტიან შეთანხმების ვარიანტზე მსჯელობენ, რომელიც ჯერ იურიდიულად გაფორმებული არაა. ხელშეკრულების სამუშაო ვარიანტმაც კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში.

– რამაც ყველაზე უფრო დააბნია ელექტორატი, იყო ის, რომ ამ შეთანხმების სამუშაო ვერსიაში, სავარაუდოდ, ოპოზიციის მოთხოვნით, ჩაიწერა პოტენციური ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა. თუმცა, ტერმინი „პოტენციური“ თავის დატვირთვას ატარებს და ის ხელისუფლებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის. შარლ მიშელს კომპრომისული დოკუმენტის შექმნა სურს, რომელშიც როგორც ერთი, ისე მეორე მხარის ინტერესები გათვალისწინებული იქნება. პრემიერმინისტრმა შეხვედრისას განაცხადა, რომ ყველა საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოზე გაიტანდა და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა. თუ პოლიტსაბჭო არ გაიზიარებს სამუშაო ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ საკითხებს, ცხადია, ის არ დადგება მოლაპარაკებათა დღის წესრიგში.

-თუმცა, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში ხელახალი არჩევნების შესაძლებლობის შეტანა ოპოზიციამ საკუთარ გამარჯვებად ჩათვალა

-ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს არწმუნებს, რომ შარლ მიშელთან მოლაპარაკებებისას მათ თავისი გაიტანეს, ხოლო ,,ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი ,,მიწოლა“ უნდა, ბოლოსდაბოლოს, ის გატყდება, წავა კომრომისებზე და დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. ამიტომაც აგრძელებენ პიკეტირებას პარლამენტის შენობასთან და არ შეცვლილა მათი რიტორიკაც.
გასაკვირიც კი იქნებოდა, ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერებისთვის აქციის დაშლისკენ რომ მოეწოდებინა. ისინი მთელი მოლაპარაკების პროცესში შეეცდებიან, შეინარჩუნონ საპროტესტო მუხტი და ეცდებიან ძალისმიერი მეთოდებით მოლაპარაკებათა პროცესზე გავლენის შენარჩუნებას. ასე იყო, სხვათა შორის, 8 მარტის ხელშეკრულების შემთხვევაშიც, როდესაც პრეზიდენტმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ოპოზიციამ მაშინაც ხელისუფლების მარცხად და საკუთარ გამარჯვებად შერაცხა.

-ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ასეთი პოლარიზაციის ფონზე, მაინც შესაძლებლად მიგაჩნიათ მოლაპარაკებათა პროცესში რაიმე შედეგის მიღწევა?

-ვფიქრობ, რომ შედეგი მაინც დადგება, რადგან ორივე მხარე ცდილობს დასავლელი პარტნიორების თვალში სახის შენარჩუნებას. არცერთ მათგანს არ სურს დასავლეთთან, რომელზეც ძალიან ბევრით ვართ დამოკიდებული, ურთიერთობის გაფუჭება. ნიკა მელიას იმ ფორმით დაჭერით, როგორც ეს მოხდა, ხელისუფლებამ ოპოზიციას ერთგვარი მოულოდნელი ,,საჩუქარიც“ კი გაუკეთა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რიტორიკა, რომლებიც ბოლო დრომდე ოპოზიციისადმი კრიტიკული იყო და ერთხმად მოუწოდებდნენ ქუჩაში დარჩენილ პარტიებს – შესულიყვნენ პარლამენტში, ახლა შეიცვალა ხელისუფლების საზიანოდ. ახლა ხელისუფლება, ჩემი აზრით, არაფერს გააკეთებს ისეთს, რომ დასავლეთთან ურთიერთობი კიდევ ერთხელ დააზარალოს. თუმცა, ასევე მგონია, რომ ოპოზიციაც იძულებული იქნება, რაღაც დათმობებზე წავიდეს – ისევე, როგორც რაღაცის დათმობა მოუწევს ხელისუფლებასაც და ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებლად ქვეყნისთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები