გიგი წერეთელი: იმედია, შარლ მიშელს მკაფიო გზავნილები ექნება, ახლა ორაზროვანი და გაუგებარი კომუნიკაციის დრო არ არის
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი იმედს გამოთქვამს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მკაფიო გზავნილები ექნება.
მისი თქმით, ახლა ორაზროვანი კომუნიკაციების დრო არ არის.
„იმედია, მკაფიო გზავნილები იქნება. ახლა ორაზროვანი და გაუგებარი კომუნიკაციის დრო ნამდვილად არ არის და იმედია ეს ასე არც იქნება. მთავარია, რომ განიმუხტოს ეს პოლიტიკური ვითარება. კომუნიკაცია დაეხმარება ალბათ ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ნიკა მელიას და პოლიტიკურ პატიმრებს და გარდა ამისა, ბუნებრივია იმ მოთხოვნებს, რაც აქვს ოპოზიციას, ახალი არჩევნები და ა.შ. თუ საქართველოს სურს ევროპასთან სიახლოვე არა რუსეთის პროვინციად ჩამოყალიბება, მაშინ მან უნდა მოისმინოს ის გზავნილები, რასაც ჩვენი პარტნიორები ამბობენ და დაიცვას ის ღირებულებები, ის დემოკრატიული ფასეულობები, რომელიც ასე ძვირფასია, ნებისმიერი ევროპული საზოგადოებისთვის და საქართველოსთვისაც“, – განაცხადა წერეთელმა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს დღეს ეწვევა.