გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველი მარტიდან დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების უწყების ვებგვერდზე – online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.

„რეგისტრაციის გავლამდე გამოცდებში მონაწილეობის მსურველები ყურადღებით უნდა გაეცნონ შემდეგ ინფორმაციას:

აბიტურიენტები – „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“;

მასწავლებლის ტესტირებაში მონაწილეები – დამხმარე კრებულები;

მაგისტრანტობის მსურველები – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები – 2020 წლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები; ცნობარი და ტესტურ დავალებათა ნიმუშები”.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

1. ცენტრის ვებგვერდიდან იხილეთ ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

2. „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

3. ვებგვერდზე epay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო ერთი ლარი;

4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო ერთი ლარი;

5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო ერთი ლარი;

6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები