ზაალ ანჯაფარიძე: “ნაცმოძრაობის” ხანმოკლე ჟრიამული დიდი ალბათობით დასრულდება, ამიტომაც შეხვდნენ ასეთი აგრესიით ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნას

“დღეს მელიამ და “ნაცმოძრაობამ”, ფაქტობრივად, “აბორდაჟზე” აიყვანეს ოპოზიციისა და საზოგადოების, საბედნიეროდ, უმცირესობის, ერთი ნაწილი”, – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს პარტიები კი ვერც ხვდებიან, რომ ,,ნაცმოძის” ოფისიდან პოზიორობით საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ასამარებენ.

“ნაცმოძრაობის მესამე სართულის ოპოზიციის” ხანმოკლე ჟრიამული დიდი ალბათობით დასრულდება. ამას ყოველგვარი სარკაზმისა და ირონიის გარეშე ვამბობ. ამიტომაც შეხვდნენ ასეთი აგრესიით ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნას.

მათ მოინდომეს ქვეყანაში ისეთი პრეცედენტის შექმნა, როდესაც ნებისმიერ ოპოზიციურ პოლიტიკოსს შეუძლია მიაფურთხოს კანონს, ფეხქვეშ გაიგდოს სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციონერია.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მელიას მიერ სამაჯურის დემონსტრაციულად მოსროლას მყისვე მოჰყოლოდა რეაგირება, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ არ გაამწვავა ვითარება, რადგანაც ის ჯერ კიდევ დეპუტატი იყო.

რამდენიმე დღის წინ აქ დავწერე, რომ თუ ხელისუფლება არ აღასრულებდა კანონს და კრიმინალ ნიკანორ მელიას არ მიუჩენდა კუთვნილ ადგილს, გადავხედავდი ხელისუფლების მიმართ ჩემს დამოკიდებულებებს. ვიტოვებ იმედს, რომ არ მომიწევს ამის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს ჩემსავით.

დღეს მელიამ და “ნაცმოძრაობამ”, ფაქტობრივად, “აბორდაჟზე” აიყვანეს ოპოზიციისა და საზოგადოების, საბედნიეროდ, უმცირესობის ერთი ნაწილი. ფაქტობრივად, მძევლების როლში ჰყავთ თავიანთ ოფისში. ეს პარტიები კი ვერც ხვდებიან, რომ ,,ნაცმოძის” ოფისიდან პოზიორობით, საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ასამარებენ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები