ნიკა მელიას ადვოკატები სასამართლო პროცესის ხვალისთვის გადადებას ითხოვენ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაია მოსამართლეს მიმართავს, რომ სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდოს.
მან მოსამართლეს შესთავაზა, რომ ხვალ დილის 12:00 საათზე გაგრძელდეს პროცესი.
„არის მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან. ეს ხალხი არის სპეცრაზმის შესაბამისი აღჭურვილობით და არიან მიკროავტობუსებში განლაგებული, სხვა რა უნდა ვიფიქროთ. ბრალდების მხრიდან ველოდებოდი, რომ შეიძლება გადაამოწმეს და გვეტყოდნენ, რომ დღეს არის პირობითად, კონკრეტული წვრთნა, რადგან ასე ფაქტად გაასაღა ბატონმა პროკურორმა, რომ ეს არ უკავშირდება ნიკა მელიას არანაირადო. ამის კონკრეტული მტკიცება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. გთავაზობთ, რომ გადავდოთ ეს პროცესი. გთავაზობთ, რომ აცილების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ხვალ დილის 12:00 საათზე გაგრძელდეს პროცესი“, – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.