თამარ ტალიაშვილი: დეცენტრალიზაციის მიზნები მაშინ არის მიღწეული, როდესაც მუნიციპალიტეტი აქტიურია და არ ელოდება ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივებს
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში – საქართველოს მთავრობის წევრს, ვიცეპრემიერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის უსმენდნენ.
პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი დაინტერესდა, როგორ არის დეცენტრალიზებული მმართველობის პრაქტიკა და რა ტენდენციებია ამ მხრივ. “დეცენტრალიზაციის მიზნები მაშინ არის მიღწეული, როდესაც ადგილზე მუნიციპალიტეტი არ ელოდება ცენტრალური ხელისუფლებისგან დირექტივებს, ინიციატივებს, არამედ თვითონ ახერხებს და აკეთებს საპილოტე პროგრამების, სიახლეების დანერგვას, თქვენი დაკვირვებით ამ წლების განმავლობაში ხედავთ თუ არა დადებით ტენდეციებს?” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა ასევე, თამარ ტალიაშვილი შეეხო რეგიონებში ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული პროექტების მნიშვნელობას ადგილობრივი განვითარებისათვის: „რაც შეეხება რეგიონების განვითარებას, ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს საინტერესო რეგიონებში ცხოვრება, საგანმანათლებლო, კულტურული, გასართობი ინფრასტრუქტურის და დასაქმების პროექტების არსებობა. სხვაგვარად გვექნება მზარდი ტენდენცია რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინების. მაინტერესებს, ამ თვალსაზრისით თუ არის კოორდინებული ხედვა დარგობრივ სამინისტროებთან და თუ არსებობს ამ ტიპის საკომუნიკაციო პლატფორმა. ჩვენ, პარლამენტში ამ მიმართულებით ვგეგმავთ მნიშვნელოვან კოორდინაციას და ახალგაზრდების ინტერესების გაძლიერების დაცვის კუთხით ჩართულობას, შესაბამისად მზად ვართ ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ თქვენს უწყებასთან” , – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე და წარმატება უსურვა სამინისტროს სამომავლო საქმიანობაში.