დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკომ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან და იუნისეფის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ხელმძღვანელთან, თამარ უგულავასთან გამართა შეხვედრა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში UNICEF-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტსა და ფონდს შორის არსებული ურთიერთობები. მხარეებმა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები განსაზღვრეს.
„დღეს გვქონდა შეხვედრა გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან. ეს ფონდი ბევრ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი შვილებისათვის. მათთან თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშნელოვანია. დღესაც გვქონდა პატივი, რომ განგვეხილა როგორც მიმდინარე პროექტების პროგრესი, ასევე, ახალი შესაძლებლობები და ის აუცილებლობა, რომელიც ჩნდება დღევანდელი პანდემიის და მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიის პირობებში. ვისაუბრეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვთა კეთილდღეობა უფრო მეტად იყოს დაცული”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.