მამუკა მდინარაძე: ,,გაყალბებული არჩევნების’’ ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე, ,,ნაცები” დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ

“გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა. გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება ,,ნაციონალურ მოძრაობასა’’ და დესტაბილიზაციას საქართველოში, ,,ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთსა და დესტაბილიზაციას საქართველოში.

,,პირველ ყოვლისა, მხოლოდ მშრალი ფაქტები რადიკალური ოპოზიციის ახალი მესიჯბოქსის კვალდაკვალ:

2008 წლის 2 ოქტომბერი – საქართველოს დელეგაცია ხმას აძლევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყება ქართველ სამხედროებს ბრალდება.

8 წლის შემდეგ, 2016 წელი, 1-5 ივლისი – თბილისში ჩამოდიან რუსეთის დუმის დეპუტატები, ნიკოლაი კოვალიოვი და ლეონიდ სლუცკი, რომლებიც მხარს უჭერენ ნაც. მოძრაობის კანდიდატს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად. ამბავს ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყოლია.

2019 წლის 26 მარტი – საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტს წარედგინება ანგარიში თბილისში, იმავე წლის ივნისში ჩასატარებელი ასამბლეის შესახებ, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია. კომიტეტის სხდომას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამბავს იმ დროისთვის ნეგატიური გამოხმაურება არ მოჰყოლია.

2019 წლის 20 ივნისი – ასამბლეის სხდომა თბილისში, პარლამენტის შენობაში იმართება. შეთანხმებული და დარიგებული დღის წესრიგის მიხედვით სხდომა მიყავს ასამბლეის ბერძენ თანათავმჯდომარეს, თუმცა, მის გვერდით ადგილს თვითნებურად სერგეი გავრილოვი იკავებს და იწყებს სხდომის წაყვანას.

ფაქტს მოყვა პოლიტიკოსებისა და მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც იმავე ღამით პარლამენტში შეჭრის მცდელობასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის ორგანიზებაში სხვა პირებთან ერთად ბრალი წარედგინა ნიკანორ მელიას.

2020 წლის ნოემბერი – ბრალდებული მელია არღვევს აღკვეთის ღონისძიების პირობებს, რისთვისაც მას 40 000 ლარით ეზრდება უკვე გადახდილი გირაოს ოდენობა.

2021 წლის თებერვალი – მელია უარს აცხადებს გირაოს თანხის გადახდაზე, შეტანაზე და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა მისი იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.

2021 წლის 13 თებერვლიდან – ოპოზიციის დიდი ნაწილის ინტერვიუებში ჩნდება ტერმინი პოლიტიკური დევნილი, გავრილოვის პატიმარი და ა.შ.

2021 წლის 15 თებერვალი – ,,ნაციონალური მოძრაობის’’ 2 ტელევიზია თითქმის ერთდროულად უკავშირდება სერგეი გავრილოვს და მისი მოსაზრებით ინტერესდებიან.
გავრილოვი მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციას და ნიკა მელიას.

ახლა კი მოკლედ, რამდენიმე წინადადება, რომელიც ფაქტებთან ერთად შეფასების ელემენტებსაც შეიცავს:
• დანაშაულებრივმა პოლიტიკურმა ძალამ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ თავის დროზე საქართველოს ომის დაწყება დააბრალა.
• სერგეი გავრილოვი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირე პროვოკატორი და მაშველი რგოლია.
• პუტინის რუსეთი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება ,,ნაციონალურ მოძრაობასა’’ და დესტაბილიზაციას საქართველოში.
• “ნაციონალური მოძრაობა” ყოველთვის აკეთებს იმას, რაც სჭირდება პუტინის რუსეთსა და დესტაბილიზაციას საქართველოში.
• “ნაცმოძრაობის” ანტირუსული რიტორიკა ყალბია.
• ნაც. მოძრაობის პროდასავლური რიტორიკა, შესაბამისად, კიდევ უფრო ყალბია.
• 20 ივნისი ობიექტურად შეიძლება, შეფასდეს, როგორც გავრილოვის პროვოკაციის დღე და მელიას ღამე.
• ნიკანორ მელია შეგნებულად და კონკრეტული მიზნით გადის კანონის ჩარჩოებიდან.
• ,,გაყალბებული არჩევნების’’ ჩავარდნილი და მხილებული პროექტის ფონზე, ,,ნაცები,, დახმარებისთვის ისევ გავრილოვს მიმართავენ.
• გავრილოვი-მელიას 2019 წლის 20 ივნისის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდა.
• გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმაც ჩავარდება.
• ამაზე ქართული სახელმწიფო იზრუნებს”, –  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები