ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

როგორც მელიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, თანხის გადახდას არ აპირებს.

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანლობისა და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

5 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები