ფოთის საქალაქო საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, გელა კვაშილავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
სასამართლოში შესვლამდე კვაშილავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს.
კვაშილავა მისი უფლებების დარღვევისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.
“30 იანვარს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ჩემს შესახებ მტკიცებით ფორმაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და გამოგონილი ამბები. მყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მშობლები. ამ ცრუ ინფორმაციით დავზარალდით მეც და ჩემი ოჯახიც. როგორს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განვაცხადე, ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის. დღეს სასამართლოს მივმართავ სარჩელით, ტელეკომპანიისგან მოვითხოვ, უარყონ გავრცელებული ინფორმაცია და ჩემი უფლებების დარღვევისთვის ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას, დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს”, – აღნიშნა კვაშილავამ.
ცნობისთვის, საუბარია ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც გელა კვაშილავას ნარკოტიკული საშუალება გადააქვს.