ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკომანიის პრევენციის სტრატეგია დაამტკიცა

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი უძღვებოდა, 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკომანიის პრევენციის ერთიანი სტრატეგია დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიმართა. ბექა ძამაშვილმა ისაუბრა დაბალანსებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობასა და მის საქმიანობაზე. ცენტრის ფუნქცია საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოებაა.

,,ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე სამდივნომ სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარადგინა. ერთ-ერთი მათგანი ნარკოვითარების 2019 წლის ეროვნული ანგარიშია, რომელიც ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა პირველად, დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე შეიმუშავა და რომელიც ქვეყანაში 2019 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებებისა და დანერგილი პრევენციის, მკურნალობა-რეაბილიტაციის, ზიანის შემცირების პროგრამების თაობაზე მონაცემებს მოიცავს. ეს არის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პირველი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც ნარკოვითარების ანგარიშს წარმოადგენს. ანგარიში მომზადებულია ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) დადგენილი სტანდარტით და მოიცავს ინფორმაციას EMCDDA-ს ხუთი საკვანძო ეპიდემიოლოგიური ინდიკატორის თაობაზე.

საბჭოს სხდომაზე, ასევე, წარმოდგენილ და დამტკიცებულ იქნა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა და ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სტრატეგია 2021-2026 წლებისათვის. პრევენციის სტრატეგიის ერთიანი დოკუმენტი პირველია, რომელიც სახელმწიფო დონეზე ნარკოპრევენციის ერთგვაროვანი სტანდარტების დანერგვის მიზნით მომზადდა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები