ალბანეთიდან რუსი დიპლომატი კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევისთვის გააძევეს

2020 წელმა ისე ჩაიარა, რომ რუსული დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან პანტაპუნტით აგდებდნენ. მიზეზი ერთადერთი იყო-ისინი მასპინძელ ქვეყნებში, დიპლომატიური სტატუსისთვის შეუფერებელ საქმიანობას ეწეოდნენ- ჯაშუშობდნენ, რაშიც არა ერთხელ გამოიჭირეს, რადგან მათი „შტირლიცობა“ მხოლოდ კრემლის „ბუმაჟკებშია“ დოკუმენტირებული. 2020 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკორდული რაოდენობის პერსონა ნონ გრატა ჰყავდა.

2021 წელი კი რუსულმა დიპლომატიურმა სამსახურმა, რომლის უკანაც სინამდვილეში კრემლის მავნებელი სპეცსამსახურები დგანან, მთლად  სკანდალურად და უცნაურად დაიწყო. ისედაც მთელი მსოფლიო და თავად რუსეთის მოქალაქეები მათ იმის გამო დასცინიან, რომ ოპოზიციონერი ნავალნის მოწამვლა საცვლებზე დატანებული „ნოვიჩოკით“ სცადეს. ახლა კიდევ , მათი ზრდასრული, „პროფესიონალი’ დიპლომატი ერთ-ერთი ქვეყნიდან პირბადის არ გაკეთების გამო გააძევეს. რამდენიმე დღის წინ, ალბანეთის ხელისუფლებამ, რუსი დიპლომატი ალექსეი კრივოშეევი პერსონა ნონ გრატად კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად არსებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოაცხადა. დიპლომატს ალბანეთის დასატოვებლად 72 საათის ვადა მისცეს.  ალბანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ საიტის მიხედვით დგინდება, რომ ალექსეი ვიქტორის ძე კრივოშეევი, ამ უწყების პირველი მდივნის თანამდებობას იკავებს.

„არ შეიძლება მეტი მოთმენა და გამართლება იმისა, რომ პანდემიის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება სწორად იქნება რუსული მხარის მიერ აღქმული, როგორც აუცილებელი ზომა ალბანეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვისთვის“-ნათქვამია ალბანეთის ხელისუფლების განცხადებაში.

ასევე, ცნობილია, რომ კრივოშეევის მიერ კორონავირუსული შეზღუდვების აკრძალვის მრავალჯერადი დარღვევა ჯერ კიდევ 20 აპრილიდან ხდებოდა. როგორც ირკვევა, ალბანეთის ხელისუფლებამ უკვე არა ერთხელ მიმართა რუსეთის ელჩს მიხაილ აფანასიევს, რომელიც პირდებოდა, რომ მისი თანამშრომელი ამ საქციელს აღარ გაიმეორებდა, მაგრამ ის  აკრძალვის იგნორირებას აგრძელებდა და დაპირება დაპირებად რჩებოდა. „სამწუხაროდ, მიუხედავად დაპირებებისა, დიპლომატი აგრძელებდა არსებული შეზრუდვების დარღვევას. ალბანეთის ხელისუფლებამ დიდი მწუხარებით მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ალექსეი კრივოშეევი გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატა და დატოვოს ქვეყანა ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში.“ – აცხადებენ ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ანუ ფაქტია, რუსი დიპლომატები იმდენად არ სცემენ პატივს იმ ქვეყნების ხელისუფლებას და მოქალაქეებს, რომელშიც მუშაობა უწევთ, რომ ასეთი გაფრთხილებების და თხოვნების შემდეგად კი აგდებულად ეპყრობიან წესებს და კანონებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ტირანაში,  ბრალდებებს მათი თანამშრომლის მიმართ უსაფუძვლოს უწოდებს და პროვოკაციად აფასებს. როგორც ყოველთვის, ლავროვის უწყება სარკისებურად მოქმედებას აპირებს. თუმცა, ალბათ მაინც, რუსეთის დიპლომატიურ სახელმძღვანელოებში ახლა ცალკე პუნქტად შეიტანენ ინსტრუქციას პირბადეების სწორად ტარების შესახებ, რათა  ეს „ძლევამოსილი“ სამსახური მთელი მსოფლიოს დასაცინი კიდევ ერთხელ აღარ გახდეს.

კახა სალუქვაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები