მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ალექსეი ნავალნის საქმის მოსმენა დაიწყო, დილიდან 350 ადამიანია დაკავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.
როგორც პროექტ “ოვდ-ინფო”-ს კოორდინატორმა განაცხადა, პოლიციის განყოფილებები უკვე გადავსებულია.
სასამართლოს შენობასთან ნავალნის მხარდამჭერების გარდა აკავებენ მედიის წარმომადგენლებსაც.
მაგალითად, ამჟამად ცნობილია, რომ ძალოვანებს დაკავებული ჰყავთ ტელეკომპანია “დოჟდ”-ის კორესპონდენტი, ვასილი პოლონსკი. თუმცა, როგორც მან თქვა, მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.
ასევე, დაკავებულია გამოცემა RusNews-ის ჟურნალისტი, ეკატერინა მაქსიმოვა, რომელსაც სასამართლოზე დასწრების აკრედიტაცია ჰქონდა. პოლიციელებს არც მისთვის უთქვამთ, რატომ გადაწყვიტეს მისი შენობიდან განრიდება, მას ასევე პრესკარტა მოგლიჯეს. მაქსიმოვას შენიშვნაზე, რომ ის ჟურნალისტია, ერთ-ერთმა ძალოვანმა თქვა – “მესმის”.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად სასამართლო პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული. სასამართლო ნავალნისთვის პირობითი მსჯავრის რეალურზე შეცვლაზე მსჯელობს. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პოლიტიკოსს 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმე “ივ როშეს” შეეხება, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ ნავალნი უკვე გაამართლა.