გიორგი გახარია – ჩხოროწყუს ინციდენტზე: უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც
“შეფასება აქ შეიძლება, იყოს ერთადერთი – უმძიმესი აღშფოთება”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტს.
პრემიერის თქმით, მომხდარზე ხელისუფლებასა და გამოძიებას უმკაცრესი რეაგირება ექნება.
“შეფასება აქ შეიძლება, იყოს ერთადერთი – უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში ხვალ სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება ამაზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც”, – აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. საბოლოოდ, წასული ბავშვები მერიის საპირფარეშოში აღმოჩნდნენ. ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ ისინი იატაკს.