წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია: ნამახვანჰესის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი გადაბრძანებულია ბაგრატის საკათედრო ტაძარში

“წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და  არ გასცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს”,- ამის შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

მერია განმარტავს, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადააბრძანეს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნამახვანჰესის მშენებლობა, რომელსაც სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე ახორციელებს კერძო კომპანია ენკა.  ბოლო პერიოდის მანძილზე, მშენებლობის პროცესს თან ახლდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ცდილობენ.  გუშინ, 30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში. წყალტუბოს მუნიციალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გასცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები