დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ივერი მელაშვილმა ხელი მოაწერა ყველაფერზე, რაც აზერბაიჯანის მხარემ მოითხოვა, გაუგებარია, რა ნიშნით არის ის გმირი

სწორად გავლებული საზღვარი გულისხმობს, იმ რეალობის ასახვას, რომელშიც დავით გარეჯის ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსი მოთავსებულია საქართველოს ფარგლებში, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რა გზით უზრუნველყოფს საზღვრის სწორად გავლენას სახელმწიფო, ამაში საქართველოს საპატრიარქო ვერ ჩაერევა.

„საქართველოს პოზიცია არ შეიძლება, იყოს სხვა, გარდა იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფოსგან ველოდებით კონსტრუქციულ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რათა საზღვარი გაივლოს სწორად. სწორად გავლებული საზღვარი გულისხმობს, იმ რეალობის ასახვას, რომელშიც დავით გარეჯის ის კომპლექსი, ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსი არის მოთავსებული საქართველოს ფარგლებში. რა გზებით გააკეთებს ამას, როგორ გააკეთებს სახელმწიფო, ამაში ვერ ჩავერევით, თუმცა შედეგი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად სამართლიანი.

მოლოდინი გვაქვს ძალიან დიდი . ვფიქრობ, აქამდეც უნდა ყოფილიყო რაიმე სიახლე და ცნობა საზოგადოებისათვის, თუ რაში ვიყენებთ ამ ახალ გარემოებებს. მოლაპარაკების მაგიდაზე გაჩნდა საშუალება იმისა, რომ ავთენტური რუკები დაიდოს და რა ხდება, რაიმე მოლაპარაკება მიმდინარეობს აზერბაიჯანის მხარესთან? იგეგმება თუ არა შერეული კომისიის მორიგი შეხვედრა? – ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი არ იცის ჯერ. ვფიქრობ, ამის შორს გადადება არ იქნება სწორი. აუცილებელია, სახელმწიფომ განაცხადოს ამის შესახებ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

დეკანოზმა კომენტარი გააკეთა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილის განცხადებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ „სასულიერო პირებზე კადნიერად საუბარი, შეუფერებელია ამ ხნის ადამიანისთვის“.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილმა ხელი მოაწერა ყველაფერზე, რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ და გაუგებარია, რა დამსახურება აქვს მას.

„გაუგებარია, რას ულოცავენ ერთმანეთს ბატონი ივერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და რა აღტკინებაა, რაღაც ფსევდო გმირად გამოჩენის მცდელობასთან ერთად. რისი გმირობა ჩაიდინა? ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინა აზერბაიჯანის მხარეს. მისი მთელი ღვაწლი სადამდე დადის, რომ რაც მოსთხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველაფერი დოკუმენტურად გაუფორმა, რაც მის ხელში ძალა და შესაძლებლობები იყო. იმით ვამაყობთ რომ, აზერბაიჯანის მხარე ბოდბემდე ითხოვდა საზღვარს და ივერი მელაშვილმა უკან დააწევინა, თუ რა? რაც მოითხოვა აზერბაიჯანის მხარემ, ყველაფერზე ხელი მოუწერა და რა ნიშნით არის გმირი, ვის წინაშე არის გმირი? ასე კადნიერად სასულიერო პირებზე საუბარი, რომ პოზიორობენ კელიების წინაშე, ძალიან შეუფერებელია ამ ხნის ადამიანისათვის და კარგად გამოჩნდა, ვინ სად პოზიორობს ამ თემაზე საუბრისას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, 28 იანვარს ივერი მელაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა: „თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია, წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში. შეიძლება ამ ყველაფრის გარკვევა, თუ გამოძიების წარმოება გინდა, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება – თურმე სადღაც რაღაც გვაქვს – არა ჩვენია, კი არ ამბობ, ეუბნები, რომ რაღაც, მოდი ვიმსჯელოთ. არა, გინდა თუ არა ჩვენია, ჩათვალეთ ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს. როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები