თეა წულუკიანი: არავისთვის იყო საიდუმლო, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა და ეს უკვე საჯაროდ დაზუსტდა

“არავისთვის იყო საიდუმლო, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხზე მთავრობაში მსჯელობა მიმდინარეობდა და დღეს ეს უკვე საჯაროდ დაზუსტდა”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები ექნება ორ სამინისტროს.

„დღეს უკვე საჯაროდ დაზუსტდა ის, რაც ბატონმა პრემიერმინისტრმა მთავრობის დამტკიცების პროცედურებისას განაცხადა პარლამენტში. მას შემდეგ არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ამ თემაზე სახელისუფლებო წრეებში მიმდინარეობდა მსჯელობა. და უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სამინისტროს. ერთი მხრივ, იქნება განათლება და მეცნიერება ცალკე, რაც თავისთავად უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისა და ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და, მეორე მხრივ, იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც გულისხმობს კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას და ასევე პრემიერმინისტრისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდული საქმეების სააგენტოს გაერთიანებას ამ ახალ სამინისტროში“, – განაცხადა წულუკიანმა.

დღეს პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი, ხოლო განათლების სამინისტრო ცალკე უწყება იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები