ანა ნაცვლიშვილი: გელათი ისევ საფრთხეშია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვალდებულია, გაასაჯაროოს ყველა დოკუმენტაცია და აიღოს პასუხისმგებლობა
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გელათი ისევ საფრთხეშია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ვალდებულია, გაასაჯაროოს ყველა დოკუმენტაცია და აიღოს პასუხისმგებლობა.
ნაცვლიშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ის დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს.
“საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, გამოფხიზლებულიყო და ეღიარებინა გელათის რეაბილიტაციის დროს მთელი სისტემის ჩავარდნა, რის გამოც დაზიანდა უნიკალური ფრესკები.
მაგრამ მათი მოქმედებები კვლავ თვალთმაქცურია. სახელმწიფო უწყებები ცდილობენ, მთელი პასუხისმგებლობა დააკისრონ შემსრულებელ კომპანიებს. ამის მაგალითია ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა შემსრულებელი კომპანიები და გელათში სამუშაოების გაგრძელება ახალ კომპანიას, „ბაგინეთი +” მიანდო.
მაგრამ ეს არანაირად არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს:
ახალ კომპანიაში იგივე ადამიანები ფიგურირებენ, ვინც ჩართული იყო რეაბილიტაციის პროცესში, რომელიც კრახით დასრულდა;
უცნობია, რა წესით მოხდა კომპანია „ბაგინეთი +”ის შერჩევა, ვინ და რა წესით შეამოწმა მისი კომპეტენცია, სწორად აწარმოოს სამუშაოები და არ დაუშვას იგივე, რაც უკვე მოხდა;
როცა მივიღეთ უმძიმესი შედეგები გელათში სწორედ იმიტომ, რომ სააგენტომ არ განახორციელა მონიტორინგი სამუშაოებზე, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ იმავე სააგენტოსა და იმავე ხელმძღვანელობის პირობებში ახლა დაცულები ვართ სააგენტოს გულგრილი და არაკომპეტენტური დამოკიდებულებისაგან გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმართ?
ამ და სხვა კითხვებით მე დღეს ოფიციალურად მივმართავ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.
ასევე, გავიმეორებ იმას, რაზეც გასული წლის ივლისიდან მოვუწოდებდით სახელმწიფოს: გელათის რეაბილიტაციის პროცესში საუკეთესო საერთაშორისო სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
მე უკვე მივმართე რამდენიმე სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კულტურის სამინისტროს. გელათზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩავატარებ – ეს საქმე ვერ ჩაიფარცხება. თუ დღეს არ დავიცავთ ჩვენს მემკვიდრეობას, ხვალ დასაცავიც აღარაფერი გვექნება”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.