დღეს ნინოობაა
27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
ისტორიული კვლევების მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში შემოვიდა, თუმცა დროთა განმავლობაში მრევლი შემცირდა და გაიზარდა კერპთაყვანისმცემელთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, მეოთხე საუკუნეში, წმინდა ნინო უფალმა საქართველოში მოავლინა, რისი შედეგიცაა ის, რომ 326 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. წმინდანი საქართველოში, დაახლოებით 323 წელს, ჯავახეთიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს: 1 ივნისს–მისი საქართველოში შემოსვლისა და 27 იანვარს – გარდაცვალების დღეს.