დავით გარეჯის საქმის პროკურორი: ჩანაწერებით ბრალდებულის აღიარება დასტურდება

“პროკურატურის მიერ გუშინ გასაჯაროებული ჩანაწერებით ბრალდებულის აღიარება დასტურდება”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისი თქმით, ​​ბრალდებული ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ ყველა სადავო მონაკვეთზე, ჯამურად, დაახლოებით, 3 500 ჰექტარზე – საზღვარი საქართველოს საზიანოდ განზრახ შეათანხმა და ეს ზემდგომი, მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად ხდებოდა.

„თავდაპირველად, სანამ შეთანხმება მოხდებოდა 2006 წლის აგვისტოში, საქართველოს სწორი და რელევანტურ მასალასთან მაქსიმალურად დაახლოებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა, ამის შემდეგ ბრალდებულებმა ყველა მიმართულებით გააკეთეს ყველაფერი, რათა შეთანხმება საქართველოს საზიანოდ მომხდარიყო. ქართული მხარის პირველი შეთავაზება მაქსიმალურ შესაბამისობაში იყო რელევანტურ რუკასთან და ეს ბრალდებულებისთვისაც იყო ცნობილი. გასაჯაროებულ საუბარში ბრალდებული თანამოსაუბრესთან ლაპარაკში ადასტურებს, რომ საქართველო, პოზიციის შეცვლით, საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა და ქვეყნის საზიანოდ შეთანხმდა საზღვარი. ამ საქმეზე დაკავებულებს ბრალად, ჯამურად, 13 მონაკვეთი ედებათ, გასაჯაროებულ საუბარში, ძირითადად, საუბარია 3 მონაკვეთზე – დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია, მე-17 არხის მიმდებარე ტერიტორია და ჯანდარის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ზუსტად ანალოგიური პრინციპი და ლოგიკა გამოიყენეს მათ დანარჩენ 10 მონაკვეთთან დაკავშირებითაც. ცალსახად ჩანს, რომ აზერბაიჯანული მხარე მხოლოდ რუკებით სარგებლობდა, ხოლო ქართული მხარე არანაირი რელევანტურ მასალას არ იყენებდა, ეთანხმებოდა აზერბაიჯანულ მხარეს, საქართველოს საზიანოდ კარგავდა ტერიტორიას და ეს მათი ნების შესაბამისად ხდებოდა. ამ ჩანაწერით ბრალდებულის აღიარება იმიტომ დასტურდება, რომ ბრალდებული ყველა დეტალთან დაკავშირებით საქმის კურსშია და საუბრობს მაშინ არსებულ სიტუაციაზე, განწყობებზე და ა.შ. უფრო მეტიც, ბრალდებული ამბობს, რომ ასეთი ფორმით შეთანხმების წინააღმდეგი იყო, თუმცა შედეგი სახეზეა – მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, წარადგინა რუკის ალბომები, რომლებიც საფუძვლად დაედო შეთანხმებას“, – განაცხადა სადრაძემ.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები