“საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაზე ისაუბრა და რეგიონის უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება.
„თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც ჩვენი ყურადღების უმეტესი ნაწილი „კოვიპანდემიამ“ მიიპყრო, შეზღუდა დიპლომატიური აქტივობა, დრო მოვიდა, რომ ისევ საერთო ინტერესებზე, საერთო ღირებულებებზე აქცენტირება მოვახდინოთ, როგორიც არის სოლიდარობა და საერთო პროექტები. მოხარული ვარ, რომ ამ წლის დასაწყისში ისევ აქ ვიმყოფებით და ვაჩვენებთ, რომ ჩვენი პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ახალ გამოწვევებთან ჩვენ გვჭირდება ახალი ენერგია, მეტი მოძრაობა და მეტი შემართება. რამდენიმე ფაქტორი გვიბიძგებს ამ მიმართულებით. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მზად არის, დაადასტუროს თავისი კავშირები ნატო-სთან და თავისი ყოფნა ჩვენს რეგიონში. ჩვენ ვნახეთ ახალი კონფიგურაცია ჩვენს რეგიონში, რომელიც გვაჩვენებს, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, კავკასია და შავი ზღვა მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოებისთვის და უნდა მიიპყროს უფრო მეტი ყურადღება ნატო-ს მხრიდან.
ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორებისა და თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ბატონო გენერალურო მდივანო.
ამ თანამშრომლობას უნდა ვუმადლოდეთ თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას, სტანდარტებისა და თავსებადობის შემუშავებისკენ პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერებას, რომელიც საჭიროა წევრობისთვის. საქართველო აფასებს საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს წვრთნების მნიშვნელობას. მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ჩვენ ვაფასებთ დასწრებასა და ნატო-ს ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. კოლექტიურ უსაფრთხოებაში ჩვენს წილს ვიღებთ საკუთარ თავზე. ჩვენ, ვიდრე ოდესმე, მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და მადლიერი ვარ ჩვენი ქვეყნის ნდობისთვის.
ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა. ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.