ანდრია გვიდიანი: საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კიმ კრაჩმა „ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აშშ-ისა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრა.
კრაჩის თქმით, შესაძლოა, საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის („განვითარების დაფინანსების კორპორაციის”), ყოფილი OPIC-ის („კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია”) ოფისი გაიხსნას. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გზავნილი ორ ქვეყანას შორის მყარ პარტნიორულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
„სახელმწიფო მდივნის მოადგილის ინტერვიუ საკმაოდ ბევრი პოზიტიური გზავნილით იყო დატვირთული. მათ შორის, საინფორმაციო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და, ზოგადად, ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საყურადღებოა, რომ საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნა სტრატეგიული თანამშრომლობის სიმყარეზე მეტყველებს. ყველას კარგად გვესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ოფისის გახსნა ამერიკული ინვესტიციების შემოდინებას კარს უღებს. შესაბამისად, ეს ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, ზოგ-ზოგიერთი ხელმოცარული პოლიტიკოსისა და გაკოტრებული პარტიების მოლოდინები, რომ თითქოს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკას შეცვლის, საფუძველს მოკლებულია”, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.