ალუდა ღუდუშაური: პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ უსაფუძვლო და ბინძურ კამპანიას ახორციელებენ და ციხეებში კოვიდინფიცირებულ პატიმართა რაოდენობაზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.
“ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურზე მისამართით ხორციელდება უსაფუძვლო, ბინძური შეტევა. “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან აფილირებული ადამიანების მიზანს წარმოადგენს, ციხეებში იყოს რაც შეიძლება მეტი კოვიდინფიცირებული, რომ ამით პატიმრების ოჯახებში პანიკა დათესონ. პატიმრებზე ფარისევლური ” ზრუნვით” დაკავდნენ იმ გუნდის მხარდამჭერები, რომლებიც წლების განმავლობაში პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობით იყვნენ დაკავებულნი.
მინდა, დავამშვიდო თითოეული პატიმარი და მისი ოჯახის წევრი, რომ არავითარი პანიკის საფუძველი არ არსებობს. პენიტენციური სამსახური აქტიურად ატარებს PCR ტესტირებას და მიღებული უარყოფითი პასუხები ( ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში, ამჯერად, ტესტირება N6 დაწესებულების 143 მსჯავრდებულს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია ) იძლევა საფუძველს, რომ პატიმრების ჯანმრთელობას კოვიდ ინფექციიდან გამომდინარე არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ერთხმად აღიარებენ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.