გიგი უგულავა: რატომ გვგონია, რომ ფონდ „ქართუდან“ ივანიშვილს ფულის ხარჯვა არ შეუძლია?
“რატომ გვგონია, რომ ფონდი „ქართუდან“ ივანიშვილს ფულის ხარჯვა არ შეუძლია?”,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდ „ქართუს“ ბალანსზე ქონების დიდი ნაწილის გადაფორმებას.
როგორც უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ფონდში უნდა შეიქმნას საერთაშორისო ბორდი, რომელიც საზოგადოებას გარანტიას მისცემს, რომ ფონდი ფულის საცავი არ იქნება.
„ქველმოქმედებას ივანიშვილი ეწევა, მაგრამ სახარების მიხედვით ხომ გვახსოვს, რომ დედაბრის შეიწირა და არა მდიდრის. ასე რომ, ნუ დაგვაბნევს ის, რომ ივანიშვილს სამება აქვს აშენებული, 5 მლრდ როცა გაქვს, 5 სამებას ააშენებ, მაგრამ ღმერთი შეიწირავს ბოლო პურს რომ მისცემ და არა ივანიშვილის აშენებულ, მათ შორის, ეკლესიებს.
ქველმოქმედება ქრისტიანული არის, როდესაც ერთი ხელი რაღაცას აკეთებს და მეორემ არ იცის. ქველმოქმედებაში რომ გადაფხიკავ და ბოლოში სიტყვა „ვიგოდას“ ნახავ, ეს ქველმოქმედება არ არის.
მეორე ისაა, რომ არის ერთი პატარა გარემოება. რატომ გვგონია, რატომ დავიჯერო, რომ ფონდი „ქართუდან“ ივანიშვილს ფულის ხარჯვა არ შეუძლია? ფონდი „იავნანა“ ივანიშვილმა ამოგანგლა, ბურჭულაძე კონკურენტი იყო, არ უყვარდა და ამის გამო, რას ედავებოდა, შენ არასწორად დახარჯეო. მე ვინ მაძლევს გარანტიას, რომ 1.5 მლრდ რომ არის აკუმულირებული, როგორც თვითონ თქვა, იქიდან ათას სისულელეს და მავნებლობას არ დააფინანსებს. ანუ, მინიმუმ, ამ ფონდში უნდა იყოს ისეთი საერთაშორისო ბორდი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ფული ივანიშვილისაა, როდესაც ფონდში მოხვდება, ივანიშვილს არაფრად არ ჩააგდებს. აქვს ამ ფონდს ასეთი ბორდი? – არ აქვს.
200 მლნ რომ სადღაც თავისთვის გადაკუჭა, ოჯახისთვის, მისი ფულია, კი, ბატონო, მაგრამ არითმეტიკაა – „ფორბსი“ არ არის ბოლო გამოცემა, რომელიც ჰაერზე წერს რაღაც ციფრებს. ფაქტია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვიხილეთ მინიმუმ 5.5. მლრდ-ის მოცულობა, 1.5 მლრდ გავიგეთ, საქართველოში არსებული ქონებები თურმე ამდენი ყოფილა. 200 მლნ, რომელიც სიბერემდე „ჩაიპიწიას“ უნდა მოახმაროს, ესეც გავიგე, დანარჩენი 3 მლრდ სად წავიდა? თუ „ფორბსი“ გვატყუებს? ეს ფონდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრანზიტული ადგილი იყო, სადაც რაღაც ქონება შემოვიდოდა და გავიდოდა.
შექმნას საერთაშორისო ბორდი, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ იქ ფულის საცავი არ იქნება და ფონდში იმიტომ არ გადაიტანა ეს ქონება, რომ უბრალოდ ეშინია. ფონდში უფრო დაცულია, მაგრამ ესეც პირობითია. როდესაც ქველმოქმედ ივანიშვილზე ვსაუბრობთ, ყოველვის გვახსოვდეს, რა უქნა საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მან პირადად და რატომ უქნა, რას ერჩოდა“,- განაცხადა უგულავამ.