მეუფე შიო: ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ, საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასეა

„ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რა ძალები უპირისპირდებიან ეკლესიას მთელი საუკუნეების განმავლობაში, მიზნად იყო დასახული სრულიად აღგვა პირისაგან მიწისა ეკლესიისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერცერთმა ამ იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა-ლოცვისას განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის მიმართ წინააღმდეგობა დღესაც გრძელდება.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება წინააღმდეგობა ღვთის მიმართ. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და დღესაც ასეა. ძირითადად, ამბობენ, რომ იესო ქრისტეს სწავლება – ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური სწავლება, ერთ-ერთი სწავლებათაგანი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სხვა აზრი გვქონდეს, შეგვიძლია, მივიღოთ ან არ მივიღოთ, ადამიანი თავისუფალია და ისე წარმოაჩენენ ამას, როგორც ადამიანურ სწავლებას. ძირითადად, აქამდე დადის ხოლმე ადამიანთა წინააღმდეგობა.

„ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ, რა ძალები უპირისპირდებიან ეკლესიას მთელი საუკუნეების განმავლობაში – ეს არის საშინელი ადამიანური ძალები და, რა თქმა უნდა, ამ ძალების უკან დგას დემონური ძალები. ჩვენ განსაკუთრებით გვახსოვს ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდი. ასეთი დევნა მგონი არცერთ ეპოქაში არ ყოფილა ეკლესიის წინააღმდეგ; მიზნად იყო დასახული სრულიად აღგვა პირისაგან მიწისა ეკლესიისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერცერთმა ამ იმპერიამ და იდეოლოგიამ ამას ვერ მიაღწია. ის ყველაფერი – მათი სწავლებაც, მათ იდეოლოგიაც – დღეს დავიწყებას არის მიცემული, ქრისტეს სიტყვა კი დღეს ჟღერს მთელ მსოფლიოში, ის ეხება ადამიანთა გულებს საოცრად და რაც მთავარია, ის ცვლის ადამიანს. აი, ეს არის მთავარი. აი, ამ ყველაფერზე ვფიქრობთ ჩვენ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. თუ ჩვენ ასე მივიღებთ ქრისტეს სიტყვებს, დავიმარხავთ ჩვენს გულებში, მივიღებთ, როგორც ღმერთის სიტყვებს და, ამასთანავე, შევიგრძნობთ, რომ ეს არის ღვთაებრივი სწავლება, ამისათვის, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ვიცხოვროთ ამით; მარტო თეორიულად ადამიანს ვერ დაარწმუნებ, შენს თავსაც ვერ დაარწმუნებ, რომ ეს მოდის ღვთისგან. მაშინ მოდის ეს დიდი სულიერი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყოველგვარი ადამიანური წინააღმდეგობა, განსაცდელი, მაშინ შემოდის ეს საოცარი დასტური და ღვთაებრივი სიხარული, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავძლიოთ განსაცდელიც, მწუხარებაც და შევიგრძნოთ ღვთის სიყვარული“ – აღნიშნა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები