თეა ახვლედიანი: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათთვის მშობლიურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით აქტუალური და საჭირო ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდება გრძელდება

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებისა და სოციალური დახმარების აქცია გრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ამჯერად კახეთის რეგიონს ესტუმრა. სოფელ ლამბალოს, იორმუღანლოსა და გიორგიწმინდას ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.

აღნიშნული დახმარების აქცია, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთის, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მიმდინარეობს ინფორმირები კამპანია, კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვებისა და შეზღუდვების შესახებ.

თეა ახვლედიანს საგარეჯოს სოფლებში კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„როგორც გასული წლის ნოემბერში დავაანონსეთ, ვაგრძელებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებით აქტუალური და საჭირო ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდება, მათთვის მშობლიურ ენებზე. ამჟამად, ვიმყოფებით კახეთის რეგიონში, ჩვენ ვეწვიეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მათ შორის, იორმუღანლოსა და ლამბალოს სოფლებს. ამასთან, გრძელდება ჩვენი სოციალური დახმარების აქცია, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს და გამიზნულია ამავე რეგიონებში მცხოვრები ობოლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები