ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ხანძარია. სოფელ ონჭევში, წოლის, ჩქუმისა და თაბორის ტყეში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ მცენარეულობას უკიდია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივ მეხანძრე-მაშველთა რაზმები, თუმცა, ძლიერი ქარი სიტუაციას ართულებს და ახალი კერების გავრცელებას უწყობს ხელს.
პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალი ონში 5, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში 15 ჰექტარზე მეტია.
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე დილიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ზონაში იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
რეგიონში მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, რომლის საშუალებითაც ზემოდან დათვალიერდა თაბორის ტყე და მისი მიმდებარე ტერიტორია, მდგომარეობის ობიექტური შეფასებისთვის.
„ვხელმძღვანელობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციებით და ყველა საჭირო ღონისძიება დროულად იქნება გატარებული. ამასთან, მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის გავრცელებით გამოწვეული როგორც ადამიანური, ისე – მატერიალური ზიანი”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე.