თამარ ტალიაშვილი: ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და პოტენციალის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა და საჭიროა ამ საკითხების პრიორიტეტიზაცია

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, გაერო-ს, ევროკავშირისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებთან ვიდეოშეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას იმსჯელეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებებზე ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების ჭრილში და ამ საკითხებზე შემდგომი მუშაობისა და თანამშრომლობის გეგმებზე.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომელთა წინაშეც კოვიდ პანდემიის დროს დადგნენ ახალგაზრდები. შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები გააღრმავა პანდემიამ.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ახალგაზრდებისთვის დასაქმების, მეწარმეობის, შრომითი და, საერთოდ, ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები შემცირებულია მსოფლიოს მასშტაბით. სახეზეა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მზაობა, მხარი დაგვიჭირონ ამ პრობლემებთან დაკავშირებით მუშაობის პროცესში.  ახალგაზრდების თვითრეალიზაცია და პოტენციალის განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და საჭიროა ამ საკითხების პრიორიტეტიზაცია“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2021 წელს თემატური მოკვლევის ჩატარება დაგეგმა, რომლის საბოლოო მიზანი ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება იქნება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია მიიღო, რომელმაც ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრა.

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი(WFD) კი  ხელს უწყობს დემოკრატიულ პროცესებს, უშუალოდ მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა პარლამენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საჯარო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებებთან, სისტემების გამართულობისა და გამჭირვალობისათვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები