თეირანი ურანს 20%-მდე გაამდიდრებს – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკვე ინფორმირებულია

ირანის ხელისუფლებამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა, რომ გეგმავს ურანის 20%-მდე გამდიდრებას, მაშინ როდესაც ბირთვული შეთანხმებით თეირანისთვის დაწესებული ლიმიტი 3,67% შეადგენს.

ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსემ განაცხადა.

აღინიშნება, რომ სააგენტომ საქმის კურსში გაეროს უშიშროების საბჭოც ჩააყენა. თუმცა, უცნობია როდის გეგმავს თეირანი ურანის 20%-მდე გამდიდრებას.

2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა – აშშ-მა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა, ასევე გერმანიამ, მრავალწლიანი მოლაპარაკებათა პროცესის შემდეგ, ირანთან ბირთვული გარიგება გააფორმეს.

შეთანხმება ითვალისწინებს თეირანის ბირთვული პროგრამის მკვეთრ შემცირებას. საპასუხოდ, საერთაშორისო საზოგადოებამ პირობა დადო, რომ ბირთვული პროგრამის ამუშავებისთვის თეირანისთვის დაწესებულ სანქციებს მოხსნიდა.

ამასთან,შეთანხმება ირანს არ უკრძალავს ბალისტიკური რაკეტების შექმნას, რასაც აშშ ეწინააღმდეგება. ასევე ვაშინგტონმა, დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, თეირანისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დატოვა და მათ ყოველ 6 თვეში ახანგრძლივებს. 2018 წლის მაისში კი, აშშ-მა შეთანხმება დატოვა, და თეირანს ცალმხრივი სანქციები დაუწესა.

საპასუხოდ, ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები