არის თუ არა შესაძლებელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყარაბაღის სცენარი განვითარდეს – ბიბილოვის კომენტარი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებულ საომარ მოქმედებაზე ისაუბრა.

ე.წ. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის ვითარების შედარება არ შეიძლება.

“მთიანი ყარაბაღი არც სომხეთში და არც რუსეთშია აღიარებული. იქ არ იყვნენ რუსი სამხედროები. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის მიერ არის აღიარებული და ერთ-ერთ შეთანხმებაში ჩაწერილია, რომ ერთ მხარეზე თავდასხმა აღიქმება მეორე მხარეზე თავდასხმად. შესაბამისად, თუ საქართველო დაესხმება სამხრეთ ოსეთს, ჩაითვლება, რომ ის რუსეთს დაესხა თავს”, – განმარტა ბიბილოვმა.

ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს, აშშ-ისა და რიგი ქვეყნების მხრიდან თავდასხმის საფრთხე რეალურია.

“ის, რომ საფრთხე არსებობს და ნარჩუნდება – ცხადია. ეს გაგრძელდება, სანამ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს არ მოაწერს ხელს და არ აღიარებს სამხრეთ ოსეთს. მაგრამ ქვეყანაში მთიანი ყარაბაღის მსგავსი სცენარის განვითარებას გამოვრიცხავ”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები