მიხეილ ჩხენკელი: პანდემიის მიუხედავად, 130-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

მან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც, პანდემიის მიუხედავად, უმოკლეს დროში ეფექტურად განხორციელდა.

უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც კოვიდ-19-ის გამო დისტანციურ ფორმატში გადავიდნენ, სამინისტრომ დისტანციური სწავლების ხელშემწყობი ონლაინ პლატფორმები პანდემიის დაწყებისთანავე გაუზიარა. შესაბამისად, სასწავლო გეგმები და შეფასების სისტემა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად მოდიფიცირდა.

სამინისტროს რეკომენდაციით, დაწესდა სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა – სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ 15 ათასამდე სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა. პანდემიის მიუხედავად, 130-ზე მეტი სტიპენდია გაიცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის. 2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის. გაიხსნა ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. ამ პროექტისთვის მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება დასავლური სტანდარტებით. იგი პირველი საუნივერსიტეტო კამპუსის ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა ანგარიშის წარდგენისას და ასევე ისაუბრა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტზე, რომლის ფარგლებშიც ექვსი ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს განახორციელებს.

არაერთი ნაბიჯი გადაიდგა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, კერძოდ, რეგიონში პირველად, თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია მიიღო, გაფართოვდა აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამები, იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თსუ-ში დაარსდა „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

შემუშავდა ტრენინგ-კურსი „Covid-19“ და გადამზადდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელები, რომლებიც კოვიდის მართვის პროცესში, როგორც მოხალისეები უკვე ჩაერთნენ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა 2020 წლის გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების მნიშვნელობასაც – 70 000-მდე აპლიკანტმა სრულიად უსაფრთხო გარემოში შეძლო გამოცდაზე გასვლა.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

მეცნიერებაზე საუბრისას მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის წელს ყველაზე უფრო ცხადად გამოჩნდა. მისი თქმით, საქართველოში სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად ჩაერთნენ COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ გამარჯვებული პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე დაწყებულია მუშაობა ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, სადაც ერთი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს.

„ჰორიზონტი 2020“ ჩარჩო პროგრამის ფარგლებში, გაიზარდა ქართველ მეცნიერთა ჩართულობის მაჩვენებელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. დაწყებულია მზადება Horizon Europe-ის პროგრამისთვის, რომელიც წარმოადგენს გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ. ამასთანავე, გაფართოვდა თანამშრომლობა CERN-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები