დავით ჩიხელიძე: ახალ სამთავრობო გუნდს ნამდვილად აქვს ქვეყნის განვითარების რესურსი და პოტენციალი
არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე საქართველოს მთავრობის დამტკიცებას ეხმაურება.
ჩიხელიძის თქმით, ახალ სამთავრობო გუნდს ქვეყნის განვითარების რესურსი და პოტენციალი აქვს.
„საქართველოს ახალი მთავრობა პარლამენტმა დაამტკიცა და მუშაობას შეუდგა, დღეს ისე როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება ქმედითი, პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული მთავრობა, რომელიც თავს ღირსეულად გაართმევს ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ახალ სამთავრობო გუნდს ნამდვილად აქვს ქვეყნის განვითარების რესურსი და პოტენციალი. ახალ მინისტრთა კაბინეტში, მხოლოდ ერთი ახალი სახეა, რომლის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ჰააგის პირველი ქართველი მოსამართლე გახდა. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებს, თითოეულმა მათგანმა უკვე დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები და მართვის კარგი უნარი (პირველ რიგში ვგულისხმობ თავდაცვის მინისტრს, პრემიერ მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და ა.შ). საინტერესოა სამთავრობო პროგრამა, რომელშიც გაწერილია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ მინისტრთა კაბინეტს, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო რეგიონში და მსოფლიოში პოზიციებს მნიშვნელოვნად განიმტკიცებს, დაამარცხებს კოვიდ 19-ს და მიაღწევს ეკონომიკურ განვითარებას, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.