აკაკი ზოიძე: შეიძლება, ერთ დღეში აფეთქდეს, ერთი დღე ჰყოფნის ხალხმრავლობა, თუნდაც ისეთივე ტიპის, რაც ვიხილეთ 27 ნოემბერს ე.წ. შავ პარასკევს

“შეიძლება, ერთ დღეში აფეთქდეს, ერთი დღე ჰყოფნის ხალხმრავლობა, თუნდაც ისეთივე ტიპის, რაც ვიხილეთ 27 ნოემბერს ე.წ. შავ პარასკევს”, – ამის შესახებ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძემ “დღის კურიერის” ეთერში კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

აკაკი ზოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, დიდი რიგების არსებობის შემთხვევაში, მოლებში არ შევიდნენ.

,,რისკი ეპიდემიოლოგიური თვალსაზირისით ძალიან მაღალია. ის სტაბილურობა, რასაც მივაღწიეთ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შეჩერებითა და, თითქოს და, შემცირების ტენდენციით, შეიძლება, ერთ დღეში აფეთქდეს. ერთი დღე ჰყოფნის ხალხმრავლობა, თუნდაც ისეთივე ტიპის, რაც ვიხილეთ 27 ნოემბერს ე.წ. შავ პარასკევს. ეს ყველაფერი საკმარისი იქნება, რომ თავიდან აფეთქდეს ვირუსი და განახლებული ენერგია მიიღოს.

ყოველდღიურად 50-მდე ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა ტრაგედიაა. ეს არის იმ პერიოდის გამოძახილი, სანამ შეზღუდვები დაწესდებოდა. ერთ თვეში შეიძლება, მივიღოთ სიკვდილიანობის გასამმაგებული მაჩვენებელი, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ადეკვატურად აღიქვას საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ მოლები რეგულაციების დაცვის გარანტიას გვაძლევენ, აუცილებელია საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის გამოჩენა, როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე, სხვების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღება”, – განაცხადა ზოიძემ.

აკაკი ზოიძის თქმით, წლევანდელი ახალი წელი და შობა უნდა იყოს ჭეშმარიტად ოჯახური დღესასწაულები, არა საახლობლო წრეში, არამედ მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები