ნიკოლოზ სამხარაძე: დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის 20 წლის განმავლობაში საზღვარი იყო სახელმწიფოს მიერ მიტოვებული და მესაზღვრეებს უხდებოდათ ძალიან რთულ პირობებში მუშაობა
„სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის 20 წლის განმავლობაში საზღვარი იყო სახელმწიფოს მიერ მიტოვებული და მესაზღვრეებს უხდებოდათ ძალიან რთულ პირობებში მუშაობა. ბოლო წლებში ეს ვითარება გამოსწორდა და კითხვა მაქვს ასეთი, როდის დასრულდება მწვანე საზღვარზე სასაზღვრო სექტორების სრული რეაბილიტაცია, მოდერნიზება, აღჭურვა”, – ამ კითხვით შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიმართა.
საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნიკოლოზ სამხარაძემ კითხვები სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით დასვა და მესაზღვრეებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მეორე კითხვა ეხება სასაზღვრო დაკვირვების სისტემებს. როდისთვის იგეგმება, რომ საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებიც „იტანს” სასაზღვრო დაკვირვებას, იყოს დაფარული სასაზღვრო დაკვირვების სისტემებით და ასევე, აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა მესაზღვრეს, რომლებსაც ხან ყინვაში და ხან აუტანელ სიცხეში რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ დღის განმავლობაში, რომ დაიცვან სახელმწიფო საზღვარი”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.