ნინო წილოსანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესა და სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობისა და აგრარული მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს.
„ვიცით, რომ, პანდემიის პირობებში, მთავარი ფინანსური დოკუმენტის სრული კონფიგურაცია ნეგატიურად არის შეცვლილი, რადგან შემოსავლების ნაწილი არის შემცირებული. შესაბამისად, ხარჯვის ნაწილში, მისი საჭიროებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ყველა პროგრამისა თუ პროექტის სრულად ათვისება ხდება. გული გვწყდება, რომ გარკვეულ პროგრამებსა და პროექტებში იქნება კლება, თუმცა, გვაქვს პრიორიტეტები. გასაზრდელია რეგიონების ტექნიკით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება და განათლების კომპონენტი. სოფლის მეურნეობაში განათლების ხარისხის ზრდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე კომუნიკაცია გვექნება სამინისტროსთან, რათა კომიტეტის რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნას დოკუმენტში ასახული”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.