ამირან გამყრელიძე: ექიმები ყოველთვის მკაცრი რეგულაციების მომხრე ვართ, ამავე დროს, სასწორზე იდება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, ამიტომ საბჭომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექიმები ყოველთვის უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრე არიან, თუმცა ამავე დროს სასწორის პინაზე მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, განწყობა და სხვა საკითხები იდება.
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვებთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენი და ჩემი რეკომენდაციები ყოველთვის ჟღერდება საკოორდინაციო საბჭოზე, ეს არ გამოდის გარეთ. მე რამდენჯერმე გავახმოვანე ის, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ – დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ექიმები ყოველთვის უფრო მკაცრი რეგულაციების მომხრე ვართ, მაგრამ ამავე დროს სასწორის პინაზე იდება კიდევ სხვა, მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, განწყობა და ა.შ. ამიტომ მსჯელობს და იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ ამ საკითხებზე, ძალიან რთული იყო დღეს განხილვა და მიღებული იქნა ბალანსირებული გადაწყვეტილება მინიმალურ შემსუბუქებასთან დაკავშირებით. ამიტომ, გთხოვთ, მაქსიმალურად მიიტანეთ ინფორმაცია მოსახლეობასთან, დიახ, იქნება ეს მინიმალური შემსუბუქება. ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის მკაცრი რეკომენდაციები, რაც არის მოწოდებული და დღეს გახმოვანდა, რათა კიდევ არ გვქონდეს ინფიცირების ზრდა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.