მიხეილ ჩხენკელი: მეწარმეობის კუთხით მეტი აქცენტის გაკეთება, პროფესიული და უმაღლესი განათლების კიდევ უფრო დაახლოება იგეგმება
მეწარმეობის კუთხით მეტი აქცენტის გაკეთება, პროფესიული და უმაღლესი განათლების კიდევ უფრო დაახლოება იგეგმება, – ამის შესახებ დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული განათლება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული დასაქმებასთან, სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.
„პროფესიული განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებაა, რადგან ის პირდაპირ არის დაკავშირებულია დასაქმებასთან. პროფესიული განათლების შესახებ კანონი, რომელიც მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი და კონცეპტუალური ნაბიჯი იყო სისტემისთვის. ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიული განათლების სისტემაში, იგეგმება მეტი აქცენტის გაკეთება მეწარმეობის კუთხით, კიდევ უფრო დაახლოება პროფესიული და უმაღლესი განათლებისა.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ფსიქოლოგიური ფაქტორი. საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ პროფესიული განათლება მეორეხარისხოვნად იყო აღქმული. რა თქმა უნდა ეს არის მცდარი დამოკიდებულება, სტუდენტები რომლებიც ამთავრებენ სასწავლებლებს ღირსეულად საქმდებიან შესაბამისი ღირსეული ხელფასებით და მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე არის ძალიან მაღალი.
მომავალ წელს განხორციელდება ახალი თვისობრივად განსხვავებული იდეა ახალიორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც შეძლებს პროფესიული განათლებაში სფეროს და კერძო ბიზნესის დაახლოებას. ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, დასაქმების პროცესს, მეორეს მხრივ პროფესიულ სასწავლებლებში მოხდება ხარისხის ამაღლება, რადგან ყველაზე კარგად რა უნარები უნდა ისწავლებოდეს კოლეჯებში, იცის დამსაქმებელმა. ეს კავშირი საჭიროებს განვითარებას და სწორედ ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი მომავალ წელს“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.