მაია ცქიტიშვილი: საერთაშორისო დონორების დახმარებით, გაგრძელდება რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის მიმდინარე პროგრამები
“რეგიონების თანაბარი განვითარების მიზნით, გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის ინტეგრირებული მართვის პროგრამების განხორციელება საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროგრამები ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით როგორც კერძო სექტორის დაფინანსებას, ისე – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
ცქიტიშვილის განცხადებით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება.
„EBRD დახმარებით, რეგიონებისთვის უკვე შეკვეთილია 185 ავტობუსი, საიდანაც 98 ავტობუსი უკვე გადაცემულია შვიდი დასახლებისთვის. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით, ჩამოყალიბდება მუნიციპალური სატრანსპორტო მოძრაობის გეგმები“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები და 2024 წლისთვის დასრულდება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მიმდინარე პროექტები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.