მაია ცქიტიშვილი: 2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული

“2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, რაც სრულად შეცვლის დინამიკას ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლამდე გაგრძელდება და დასრულდება ჩქარონსული მაგისტრალების მშენებლობა, რომლებიც ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილია.

„დღეისთვის უკვე აშენებულია 260 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი – ჩოლოქისა და ბათუმის შემოვლითი გზის და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთების დასრულების შემდეგ, 2024 წლამდე დამატებით აშენებული იქნება 200 კილომეტრამდე ავტობანი. დაიწყება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, ნატახტარი-ჟინვალის 27კმ-იანი ჩქაროსნული გზისა და ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, 2021 წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და დაიწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანი. ასევე გაგრძელდება შიდასახელმწიფოებრივი გზების სარეაბილიტაციო და შეკეთების სამუშაოებიც და 2024 წლამდე რეაბილიტირებული იქნება 1500 კმ-მდე გზა და 200-მდე ხიდი. დასრულდება რეგიონების დამაკავშირებელი გზების – ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ლენტეხი-მესტიის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხის გზების მშენებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამით, ჯამურად, რეაბილიტირდება 200 კმ გზა.

„2024 წლისთვის ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, რაც სრულად შეცვლის დინამიკას ჩვენს ქვეყანაში. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები და განახლებული შიდა გზები დაგვაახლოებს ევროკავშირსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, შექმნის მეტ შესაძლებობებს რეგიონებში ტურისტების მოსაზიდად, გაადვილებს რეგიონებში წარმოების და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას და მოიტანს მეტ დასაქმებას, მეტ სარგებელს რეგიონებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები