რა წერილი გაუგზავნა ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობამდე ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც უყვარდა – პროკურატურის განცხადება

თამარ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობამდე ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც უყვარდა, წერილი მისწერა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეტყობინებებში ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი სიყვარულზე, იმაზე – თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე

“2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა შპს „ზეგში“, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე. ამ პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში, თამარ ბაჩალიაშვილი ვებგვერდ „momavali.me“-დან, ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა – ამ ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის კონკრეტული წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, – რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: ,,ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის?’’,- აცხადებს პროკურორი.

“ნეტავ იცოდე, რამდენ რამეს გადავაბიჯე, ეს რომ მომეწერა”,- წერს ბაჩალიაშვილი შეტყობინებაში, რომლის ფოტომასალასაც პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები