მსჯავრდებული, რომლის გამოც ციხის თანამშრომლები დააკავეს, გიორგი რურუაა

მსჯავრდებული, რომლის გამოც ციხის თანამშრომლები დააკავეს, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რურუაა.

დღეს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა ინფორმაცია ორი თანამშრომლის დაკავებაზე, რომელთაც უწყება სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.

მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პატიმრის ცემის ფაქტზე სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით №8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი შ. მ. და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი ლ. გ. დააკავა.

„გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოში 2020 წლის 16 ნოემბერს დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ. რ.-ს ჯგუფურად ცემა და რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

შესაბამისად, 2020 წლის 16 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ №8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები: შ. მ. და ლ. გ.“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული სასჯელის ზომად ჯარიმას, ექვსი თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე ითვალისწინებს. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ინციდენტი N8 პენიტენციური დაწესებულებაში 2 ნოემბერს მოხდა. მსჯავრდებული გიორგი რურუა ადვოკატთან ვიზიტის მიზნით საკნიდან გამოიყვანეს, გადაადგილებისას მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა იქვე მდებარე სამორიგეო ოთახში და სატელეფონო ზარს ახორციელებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები