ლევან დავითაშვილი: საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლის ახალი სისტემა დაინერგა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლის ახალი სისტემა დაინერგა.
მისივე თქმით, მონიტორინგის ახალი სისტემის შედეგი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ უკანონო თევზჭერის პრევენცია იქნება.
“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ვალდებულების – არალეგალური, არადოკუმენტირებული და დაურეგულირებელი (IUU) თევზჭერის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა სატელიტური ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესყიდვა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა უცხო ქვეყნის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიულ ზღვასა და ღია ზღვაში თევზჭერაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების უწყვეტი კონტროლი.
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემები უკვე ჩართულია საერთაშორისო მონიტორინგის პროგრამაში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები მუდმივად აკონტროლებენ გემების მოძრაობას, არალეგალური თევზჭერის პრევენციის მიზნით და ასევე მათ მიერ მოპოვებული თევზის სახეობებსა და რაოდენობას. მონიტორინგის ახალი სისტემის შედეგი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ უკანონო თევზჭერის პრევენცია იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.