ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში აგრარული წარმოება შეუფერხებლად ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში აგრარული წარმოება შეუფერხებლად ხორციელდება.
მისივე თქმით, 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები რეკორდულად მზარდია.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში ბაზრების დივერსიფიკაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით გაწეული სამუშაოების შედეგად, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის:
2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა:
25 287 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი (1 მაისიდან), რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
6 739 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
12 664 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 65.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).
16 062 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 სექტემბრიდან).
674 ტონა მოცვის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (1 ივნისიდან)”, – განაცხადა მინისტრმა.