ლევან დავითაშვილი: სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში მოქალაქეებს ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას, შემუშავებულია დახმარების რამდენიმე პაკეტი

“სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში მოქალაქეებს ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას, შემუშავებულია დახმარების რამდენიმე პაკეტი”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს” ფარგლებში სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„პანდემიამ რეალურად გააჩინა მრავალი უარყოფითი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში აგრარული წარმოების შეფერხების მიზეზი შეიძლება, გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, ჩვენ კომპლექსური ღონისძიებების გატარება დავიწყეთ. ფერმერების მხარდასაჭერად, შემუშავდა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა, მობილიზდა 300 მლნ ლარი.

სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში მოქალაქეებს ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას. შემუშავებულია დახმარების რამდენიმე პაკეტი.

პირველი – ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით უკვე ისარგებლა 172,000-ზე მეტმა ფერმერმა. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 30 მლნ ლარს აჭარბებს, სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში განაღდებულია 24,3 მლნ ლარზე მეტი. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

მეორე, ეს არის აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში,  123,700-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 5.2 მლნ ლარზე მეტი თანხა დაზოგეს.

მესამე – წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება. ის ფერმერები კი, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგანაც თავისუფლდებიან. 2 ოქტომბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა 32 122 აბონენტმა. ბენეფიციართა დანაზოგმა 3 599 982 ლარი შეადგინა”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები