“ამ ადამიანებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ ათასობით ოჯახს ბინები და სახლები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებასა და მერზე შეტევას.
,,ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის, კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი რადიკალურად განწყობილ, პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე (“ოლიმპიური ვარსკვლავი” 500 ოჯახი; “სვეტი” 2500 ოჯახი), რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული, ხოლო მესაკუთრეები ბინების გარეშე უიმედოდ იყვნენ დარჩენილი. მშვენივრად იცოდნენ თბილისის მერის საქველმოქმედო ფონდის შესახებ, რომლითაც ათასობით სწორედ ისეთ შეჭირვებულ ადამიანს ეხმარება, ვის სურათსაც გუშინ არგუმენტად იშველიებდნენ. მშვენივრად იცოდნენ, რომ ქალაქის ქაოტური და თვითნებური განაშენიანება საბოლოოდ დაასამარებს თბილისის პერსპექტივას და ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ათასობით ოჯახს ბინები და სახლები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. მერიაში განმარტავენ, რომ არცერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ.