“ზოგადად, გვჩვევია სოციალურ საკითხებზე მომენტალური აღშფოთება, აღვშფოთდით ბათუმში მშენებლობაზე გადმოვარდნილ 20 წლის ბიჭზე, მანამდე შიმშილით გარდაცვლილ 1 წლის გოგიტა აბაშიძეზე, მერე? მერე არც არაფერი” – ლაშა მესხი
ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ლაშა მესხი აფრიკის დასახლებაში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“აი, გავა რამდენიმე დღე და გადაივლის ეს ისტერიკა.
ზოგადად, ეგრე გვჩვევია სოციალურ საკითხებზე მომენტალური აღშფოთება. აღვშფოთდით რამდენიმე დღე 4 მეშახტის სიკვდილზე. მერე – ბათუმში მშენებლობაზე გადმოვარდნილ 20 წლის ბიჭზე, მანამდე შიმშილით გარდაცვლილ 1 წლის გოგიტა აბაშიძეზე. მერე?
მერე არც არაფერი.
ისევ ისე, სამარცხვინო სისტემით, ქულებს ვუთვლით სოც. დაუცველებს, ისევ ისე შიათ ჩვენს ბავშვებს, ისევ ემიგრაციაა ერთადერთი თავის შველა და აშ…
ეს აღშფოთებები, როგორც წესი, ვიწრო პოლიტიკურ პიარსა და ,,ფეისბუქზე,, გულის მოფხანას ვერ სცდება.
აი, ნახეთ, ეს დისკუსიაც დავა იქამდე, დაუნგრიეს თუ არა მამა-შვილს სახლი. ჰქონდა თუ არა ვინმეს ბიზნეს ინტერესი და აშ. ყალბი ჰიბსტერა პოლიტიკოსები ჩაუწვებიან ბულდოზერებს. მერე თავად მევახშეები ან სისხლისმსმელები გააპროტესტებენ „უშამართლობას” და აშ…
მთავარი კი, როგორც ყოველთვის, რჩება გვერდზე – რეალურად გაჭირვებული ადამიანები….
დიახ – ამ ქვეყანაში უჭირს უმრავლესობას!
დიახ- ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება,
დიახ- სახელმწიფო უნდა იყოს დამხმარე ყველა გაჭირვებული ადამიანის!
დიახ – არასწორია ეკონომიკური სისტემა!
სოციალური პოლიტიკა რომ ამ ქვეყანაში ადამიანზეა მოსარგები, ამას გავიძახი 10 წელია, მეტს კი არაფერს.
ხოდა, კაზინოების, ბანკების, მსხვილი ბიზნეს მონოპოლიების მონობიდან ჩვენი თავის გარდა ვერაფერი გაგვათავისუფლებს! იფიქრეთ ცვლილებებზე და არა – ვიწრო მერკანტილურ სისულელეებზე.
ძალა ხალხშია”, – წერს მესხი.
ცნობისთვის, გუშინ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.