ნინო ლომჯარია: ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა, დაუშვებელია, აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა, დაუშვებელია, აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს.

“მინდა, გამოვეხმაურო სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ფაქტს. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადების თანახმად, აფრიკის დასახლებაში 12 შენობა-ნაგებობის უნებართვოდ განთავსების შემთხვევა იქნა გამოვლენილი, რაც საფუძვლად დაედო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გატარებულ დემონტაჟის ღონისძიებებს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რაზეც წლებია, ვსაუბრობთ. ამასთანავე, გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. მართალია, თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა, იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის, არასრულწლოვანი პირებისთვის.

უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა. დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას. აქვე, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიას მოვუწოდებ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, რა ღონისძიებები იქნა და იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს დაექვემდებარა.

რაც შეეხება თავად დემონტაჟის კანონიერებას, მართალია, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა, დაუშვებელია, აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნული პროცესის კანონიერების საკითხს”, – წერს ნინო ლომჯარია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები