ანდრია გვიდიანი: ფინანსთა სამინისტრომ პანდემიის პირობებში ფისკალური სტაბილურობის ყველა გამოწვევას ეფექტიანად უპასუხა
2020 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ პანდემიის გამოწვევების პირობებში სამინისტროს მუშაობა ეფექტიანი იყო.
„საკმაოდ საინტერესო ანგარიში წარმოადგინა ფინანსთა სამინისტრომ. ზოგადად, პანდემიის პირობებში სამინისტრომ ძალიან დიდი მუშაობა გასწია და ვთვლი, რომ არსებულ რთულ გამოწვევებს ძალიან ეფექტურად უპასუხა. როგორც მოგეხსენებათ, კრიზისულ პირობებში ფისკალურ სტაბილურობას და სახელმწიფო ფინანსების ეფექტურ მართვას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, პანდემიამდე პერიოდში საკმაოდ პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გვქონდა.
ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალის მაჩვენებლები, კაპიტალური თუ მიმდინარე ხარჯები ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაჩვენებელზე იყო, რამაც კრიზისულ სიტუაციაში ე.წ. ბუფერის ფუნქცია შეასრულა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ პანდემიის პირობებში ფისკალური სტაბილურობის ყველა გამოწვევას ეფექტიანად უპასუხა. უწყების საქმიანობაში განსაკუთრებულად მინდა გამოვყო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო რესურსების მოძიების საკითხი.
ალბათ ყველას კარგად ახსოვს გაზაფხულის პერიოდში, როდესაც კოვიდ-19 ძალას იკრებდა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საჭირო ფინანსური რესურსის უმოკლეს ვადებში მობილიზება შეძლო. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ ფინანსთა სამინისტრომ შეასრულა. საკუთრივ ეს ფაქტი მიუთითებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, ქვეყნის ფისკალური ხელისუფლების მიმართ სანდოობაზე”, – განაცხადა გვიდიანმა.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრომ, ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კერძო სექტორის ხელშეწყობასა და, ზოგადად, ბიზნესაქტივობის წახალისების საქმეში.
„მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ფინანსთა სამინისტრომ მოახერხა კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. როგორც იცით, ანტიკრიზისულ ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესი წილი სწორედ კერძო სექტორის მხარდაჭერაზე მოდიოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელმაც საჯარო ფინანსების ეფექტურად მართვის შედეგად, შეძლო ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები გატარებულიყო. გარდა ამისა, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, კერძოდ დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი არაორდინალური იყო და, შესაბამისად, კრიზისული მენეჯმენტის გატარება გახდა საჭირო, ფინანსთა სამინისტრომ მოახერხა და კერძო სექტორისთვის უპრეცედენტო მოცულობის, 1 მილიარდი ლარის დღგ-ის დაბრუნება შეძლო. საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ 2020 წელს როგორც მთლიანად ხელისუფლებამ, ისე უშუალოდ ფინანსთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა”, – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და პანდემიის პირობებში გატარებულ ღონისძიებებზე.