“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ღიად და თამამად დააფიქსირონ აზრი იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შესასვლელად მზად არიან.
მისივე თქმით, ის ოპოზიციონერები, რომლებიც თან მანდატებს ხევენ და, პარალელურად, მოლაპარაკებებისთვის მზაობაზე საუბრობენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
“ის ხალხი, ვინც პიონერთა სასახლეში ვითომ მანდატებს ხევდა, იქვე ამბობდა, რომ მოლაპარაკებებში მივიღებთ მონაწილეობასო. ეს არის ტყუილი და ხალხის მოტყუება – ან ერთს აკეთებ ან მეორეს. მოლაპარაკების რესურსი არის, არიან პარტიები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ მზად არიან, ხელი მოაწერონ და პარლამენტში შევიდნენ. ეს ყველამ უფრო თამამად და გაბედულად უნდა თქვან. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ არაფრით არ შეიძლება ამ მოლაპარაკების ჩაშლა, რადგან ჩვენ თუ ახლა კარგ საარჩევნო წესებს არ წამოვიღებთ, თუ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, უბრალოდ, პოლიტიკურ პროცესს ამ ქვეყანაში აზრი არ ექნება”, – განაცხადა ელისაშვილმა.